26/11/2017
შენ, რა იცოდი... შენ რა იცოდი...
რომ ძლიერ მიყვარს თეთრი აპრილი,
გულმღელვარებით, რომ დავდიოდი,
მეშორებოდა უცხო ნაპირი.
ვინ გაგიმხილა, ჩემი ტრფიალი,
რომ სუნთქვა მიყვარს გაზაფხულისა.
ვარდები მიყვარს ნამით ცვრიანი,
ასიმღერება მწველი გულისა.
არ შემიძლია... უცქირო აპრილს
და გული მქონდეს უსიხარულოდ.
არ შემიძლია, სიცოცხლე ისე,
ისე... უბრალოდ უსიყვარულოდ.
მზე კურთხეული, იცისკრებს როცა,
მაშინ საგულეც ქარვის ფერია.
ვისაც აპრილი უყვარს ჩემსავით,
მათ ალალ გრძნობას ჯვარი სწერია.
გულს ამღელვარებს თეთრი აპრილი,
გადმოთანთქარებს შუქი მთვარიდან.
როცა აპრილი გულ-მკერდს გადაშლის,
სიცოცხლეს ვიწყებ ისევ თავიდან.
როცა კვირტები აფეთქდებოდა,
რარიგ მწყუროდი, რარიგ მინდოდი.
მაინც ჯიუტად, მწამდა, მჯეროდა
გზაჯვარედინთან შემომხვდებოდი.
თეთრმა აპრილმა შეგვყარა ერთურთს,
და სიშორისთვის არ მემეტები,
თილისმასავით მიგიბნევ მკერდზე,
თუ სიყვარულად დამებედები.